top of page
5ad43407-5a18-42ce-8574-9c11c4417edb_Ori
ჩემი ოჯალეშის ისტორია
 
Screen Shot 2021-02-21 at 8.37.35 PM.png

ფესვებთან დაბრუნება...

ჩემმა ბედ–იღბალმა მრავალი ქვეყნის გზებზე მატარა. მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში დგება წუთი, როცა ხვდები, რომ მთელი შენი განვლილი გზა, გამოცდილება და ენერგია რაღაც ახალს, აქამდე უცნობს და ამაღელვებელს უნდა დაუკავშირო.

 

2006 წელს მამა გარდამეცვალა და მასთან დასამშვიდობებლად შორეული რუსეთიდან მშობლიურ სოფელში, სალხინოში დავბრუნდი.

 

სოფელი სალხინო საქართველოს უმშვენიერეს მხარეში, სამეგრელოში, დასავლეთ კავკასიონის მთისწინეთისა და კოლხეთის მითიური დაბლობის საზღვარზე მდებარეობს. კარგ ამინდში ჩვენი ძველი სახლის ეზოდან  სამხრეთით შავი ზღვის ლურჯი ზოლი ჩანს, ჩრდილოეთით კი – კავკასიონის თოვლიანი მთების თავბრუდამხვევი პანორამა იშლება. კავკასიონის მყინვარებიდან ზღვისკენ დაშვებული მდინარე ტეხური ბროლივით გამჭვირვალე ტალღებს კირქვული ქანების ქათქათა სარეცელზე მოაქანებს. სოფლის ბოლოს ტეხურს პატარა მდინარე – წაჩხური უერთდება. თავად წაჩხური სათავეს იღებს ქვიბიის მთიდან და მარადმწვანე ბზის ტყეებით დაფარულ ფერდობებს შორის მიიკლაკნება.

 

აქ, ამ მწვანე სამოთხეში გაიარა ჩემმა ბავშვობამ.

 

მერე, როცა ჩვენი ძველი, ხის სახლის ეზოში გაშლილ სამარხვო სუფრასთან, დიდი ხნის უნახავ ნათესავებთან და სიყრმის მეგობრებთან ერთად მამაჩემის შესანდობარს ვსვამდით, მოხუცი მეზობელი მომიახლოვდა და  მუქი ბროწეულისფერი ღვინით სავსე ჭიქა მომაწოდა. ამ ღვინოს საოცარი, ღრმა სურნელი, სანელებლების, მწიფე ალუბლისა და მარწყვის გემო ჰქონდა. მაშინვე ვიცანი ოჯალეშის არომატი და უსასრულო დაბოლოება. გამახსენდა, რომ სიცხიან ბავშვებს წამლად ოჯალეშს გვასმევდნენ ხოლმე ჩაის პატარა კოვზით... ეს ჩემი ბავშვობის გემო იყო.

 

იმ დღიდან ჩემი ცხოვრება მჭიდროდ დაუკავშირდა ამ უნიკალურ, ლამის გადაშენების პირას მისულ ოჯალეშის ვაზისა და ჩვენს საერთო სამშობლოს – ზღაპრულ  სალხინოს.  ღმერთს ეს მიწა იმისთვის გაუმზადებია, რომ მზის სხივებს ეთამაშოს და გასაოცარი, სურნელოვანი წვენით აავსოს ყურძნის მარცვლები.

ოჯალეში - ცოტა რამ ისტორიიდან

ოჯალეში უძველესი აბორიგენული ვაზის ჯიშია. მისი სახელწოდება უკავშირდება მეგრულ სიტყვა „ჯას“, რაც ხეს ნიშნავს. ეს არ არის გასაკვირი, რადგან მზის მაცოცხლებელი სხივებისკენ შეუკავებლად მისწრაფებულ ამ იშვიათ ვაზს ჩვენი წინაპრები მაღალ ხეებზე უშვებდნენ. ოქროს საწმისისათვის კოლხეთში მოსულ არგონავტებს, მრავალ საოცრებასთან ერთად, შესაძლოა მელნისფერი, მწიფე მტევნებით დახუნძლული ხეებიც დახვდათ. „ოჯალეში“ ხეზე ასულს, ხეზე აცოცებულს ნიშნავს.

 

1847 წელს ზუგდიდში, სამეგრელოს მთავარ დავით დადიანთან სტუმრობისას ცნობილმა ფრანგმა ორიენტალისტმა, მარი ბროსემ  სალხინოში მოყვანილი ოჯალეშის ღვინო გასინჯა და აღფრთოვანებულმა დაწერა: “ღმერთმა ხომ იცის, რა ნექტარია ეს `ოჯალეში"...  მთავარმა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა და ბრძანა, ჩვენთვის თვრამეტი წლის ღვინო მოეტანათ. მე მას მხოლოდ ბორდოს ყველაზე სახელგანთქმულ ღვინოებს შევადარებდი".  

 

სალხინო დადიანების საგვარეულოს საზაფხულო რეზიდენცია იყო და ევროპულად განსწავლულ   დავით დადიანს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ამ სოფელში ოჯალეშის პირველი კულტურული ნარგავობა გაშენდა.

 

მოგვიანებით, სოფელი სალხინო თავისი ვენახებიანად დავითის ასულს, სალომე დადიანს და მის მეუღლეს, ნაპოლეონ ბონაპარტეს სახელგანთქმული სარდლის, ნეაპოლის მეფის, იოჰიმ მიურატის შვილიშვილს – აშილ მიურატს გადაეცა. აშილ მიურატმა სათანადოდ შეაფასა სოფლის უნიკალური კლიმატური პირობები და ოჯალეშის ვენახების ფართობი 16 ჰექტრამდე გაზარდა. მიურატი ვენახებს ფილოქსერაგამძლე საძირეებზე ამყნობდა და სწორედ ამ ღონისძიებამ გადაარჩინა ოჯალეში საქართველოში შემოსული მავნებლის – ფილოქსერას გამანადგურებელი გავრცელებისაგან. მიურატის მითითებით, ყურძენს ძალიან გვიან, დეკემბრის დასაწყისში კრეფდნენ  და ჭაჭაზე ადუღებდნენ. ამიტომ ღვინო განსაკუთრებულ ექსტრაქტულობას, მდიდარ  შეფერილობას, არომატსა და სიღრმეს იძენდა, ხოლო ალკოჰოლის შემცველობა 14-14,5◦−ს  აღწევდა. 1912 წელს პარიზის სასოფლო–სამეურნეო გამოფენაზე ბოთლებში ჩამოსხმულმა სალხინოს ოჯალეშმა დიდი ოქროს მედალი დაიმსახურა.    

 

გასაბჭოების შემდეგ სოფელ სალხინოს კოლმეურნეობა ოჯალეშის ნახევრად ტკბილ სამარკო ღვინოს შეზღუდული რაოდენობით აწარმოებდა და ეს პროდუქცია თითქმის მთლიანად მოსკოვში, კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სპეცგამანაწილებლებში იგზავნებოდა. მაგრამ საბჭოთა გეგმიური ეკონომიკის პირობებში ამ უნიკალურმა ჯიშმა ფართო გავრცელება ვერ ჰპოვა. იმის გამო, რომ  ოჯალეში საკმაოდ ძნელად მოსავლელი, შედარებით ნაკლებმსხმოიარე და თანაც გვიანი ყურძნის ჯიშია, მთელ სამეგრელოში და სალხინოშიც ინდუსტრიული მასშტაბით, უმეტესწილად, ცოლიკაურსა და იზაბელას აშენებდნენ. ოჯალეში პრაქტიკულად გადაშენების ზღვარს მიუახლოვდა. ამასობაში საბჭოთა კავშირიც დაიშალა. კოლხეთის მიწის საგანძურს – ოჯალეშის უნიკალურ ვაზს გადარჩენა ესაჭიროებოდა.   

e392c5df-ce4c-4205-97c8-cd7eee564aca_edi

უძველესი ვაზის ახალი სიცოცხლე

2008 წლიდან ჩემს სოფელში, სალხინოში ღვინის საოჯახო მეურნეობა გავმართე, დავიწყე მიწების შეძენა და ოჯალეშის გაშენება. გარდა ამისა, ჩემს თანასოფლელებსაც ვურიგებდი ნერგებს და შესაწამლ მასალას, მათ მიერ მოყვანილ ყურძენს კი ისევ მე ვიბარებდი და ღვინოს ვაყენებდი.

 

ახლა რომ ვიხსენებ იმ პირველ ნაბიჯებს, ვხდები რა უცოდინარი ვიყავი. აღარც ჩვენი სოფლის მოსახლეობას ახსოვდა ოჯალეშის მოვლის სპეციფიკური წესები. ყურძენი ხან ვერ აგროვებდა საჭირო რაოდენობის შაქარს, ხან გვილპებოდა. არც ნიადაგის შერჩევა ვცოდით ხეირიანად და არც ნერგები იყო საჭირო ხარისხისა. უამრავ შეცდომას ვუშვებდით და ამ მწარე გაკვეთილებზე ვსწავლობდით.

 

მაგრამ დადგა 2015 წელი. საოცარი მოსავალი მივიღეთ. აღარ გავრისკე და ჩვენი ყურძენი კახელ მეღვინეებთან, კომპანია „ბესინის“ მარანში ჩავიტანე ღვინის დასაყენებლად. მოგვიანებით ამ ღვინომ თბილისის საერთაშორისო ღვინის ფესტივალზე, „ვინექსპოზე“ გრან–პრი დაიმსახურა. 2015 წლის „ოჯალეში“ იტალიელ სპეციალისტებს გავასინჯე და მათი რეაქციიდან მივხვდი, რომ ხელში ნამდვილი განძი მეჭირა. მაგრამ ამ განძს სწორი მოვლა და მეცნიერულ ცოდნაზე დაფუძნებული განვითარება სჭირდებოდა.

 

ბევრი აღარ მიფიქრია – იტალიაში გავემგზავრე და ვენეტოს მხარეში, ვიჩენცას „სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტში“ დავიწყე სწავლა. ფუნდამენტური ცოდნა მივიღე  ვენახისათვის ვარგისი ნიადაგების შესახებ. ვისწავლე ნიადაგის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით საძირეების  შერჩევა, ვაზის სწორად გაშენება, მოვლა და მწვანე ოპერაციების ჩატარება.

 

სოფელ სალხინოში შევკრიბე ენთუზიასტთა ხუთკაციანი ჯგუფი და ვიაჩენცაში ჩავიყვანე სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და აგროტექნოლოგიების შესასწავლად.

 

ახლა უკვე მზად ვიყავით ჩვენს სამშობლოში ოჯალეშის სანიმუშო ვენახების გასაშენებლად და თანამედროვე ღვინის საწარმოს გასამართავად, რათა უძველეს კოლხურ ვაზს ახალი სიცოცხლე დაეწყო და მარანში უმაღლესი ევროპული ხარისხის ღვინო დადუღებულიყო.      

ჩვენი ღვინო - ქართული მიწის, მზის და ქარების ჰარმონია

სოფელ სალხინოს განაპირას არის პატარა პლატო, სადაც ადრე ჩაის პლანტაციები იყო გაშენებული. ამ მაღლობს ადგილობრივები „ლეგალეს“ უწოდებენ. პლატო მთელი დღის მანძილზე გახსნილია სუბტროპიკული მზის მცხუნვარე სხივებისათვის. მაგრამ ასხის კირქვიანი მთებიდან, სადაც ალპური საძოვრებია გადაშლილი, აქ დღისით მუდმივად უბერავს გრილი, მშრალი ნიავი რომელსაც ადგილობრივები „მასქურს“ ეძახიან. ალპური ზონიდან მონაბერი  „მასქური“  აწონასწორებს კოლხეთის დაბლობის ცხელ და ნოტიო ჰავას, აქაურობას მაცოცხლებელ ძალას ანიჭებს და უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის. დილა-საღამოს კი  მდინარე წაჩხურის ხეობიდან მსუბუქი, გრილი ფიონები იწყებენ ქროლვას. სწორედ ამაშია  სალხინოს უნიკალური მიკროზონის საიდუმლო, რომელიც იდეალურია ოჯალეშის ყურძნისთვის.

 

ჩვენ ვივარაუდეთ, რომ მიკროკლიმატისა და ექსპოზიციის თვალსაზრისით სალხინოს მიდამოებში „ლეგალე“ საუკეთესო ადგილი უნდა ყოფილიყო ოჯალეშის გასაშენებლად. ეს მოსაზრება იტალიიდან სპეციალურად ჩამოსულმა კონსულტანტებმა, ჩვენმა მეგობრებმა – აგრონომმა რობერტო ალბერტინიმ (კომპანია „Sosieta Agricola Montespada”) და მეღვინე ჩელესტინო გასპარიმაც (კომპანია „Zyme“) დაგვიდასტურეს.

 

ამის შემდეგ შევუდექით ნიადაგის კულტივაციას. პლატო რამდენჯერმე გადაიხნა. პრაქტიკულად მთელი სოფელი ჩაერთო ჩაის ფესვებისაგან მიწის გასუფთავებაში. „ლეგალეს“ მჟავე ნიდაგში შეგვქონდა აქვე, პატარა მდინარე ვახას კალაპოტში მოპოვებული და სპეციალურად დაღერღილი კირქვის ხრეში – 1200 ტონა ყოველ ჰექტარზე. ეს ოპერაცია მეორე წელსაც გავიმეორეთ, მხოლოდ ახლა უკვე ერთ ჰექტარს 400 ტონამდე თეთრ ხრეშს ვაყრიდით. ნიადაგის მომზადებას ჯამში 4 წელზე მეტს მოვუნდით. ახლა ყველაფერი მზად იყო ოჯალეშის ნერგების მისაღებად. 

 

დღეისათვის ჩვენს მიერ სოფელ სალხინოში, „ლეგალეს“ პლატოზე 8 ჰექტარ ფართობზე გაშენებულია 45 000–მდე ძირი ვაზი. ყურძნის მისაღებად და გადასამუშავებლად სრულადაა მომზადებული და ტექნოლოგიურად აღჭურვილი ღვინის ქარხანა. ღვინის დაყენების პროცესში, იტალიელ კოლეგებთან ერთად, კონსულტაციას გვიწევენ შესანიშნავი ქართველი მევენახე-მეღვინეები – არჩილ ლობჟანიძე და გიორგი ბარისაშვილი.  

 

დიდი ღვინოები არ იბადება სადღაც, შემთხვევით. ეს ხდება იქ, სადაც უნიკალური კლიმატური და გეოლოგიური პირობების ნაკრები ქმნის იშვიათ წონასწორობას. სწორედ ასეთი  ადგილია სალხინო, განსაკუთრებით კი ლეგალეს ტერუარი, რომელიც ოჯალეშისათვის განუმეორებელ სავენახე გარემოს წარმოადგენს.

 

აშილ მიურატისა არ იყოს, ჩვენც ძალიან გვიან – ნოემბრის ბოლოს, ზოგჯერ კი დეკემბრის დასწყისში ვკრეფთ ყურძენს, როდესაც წვენში წყლის შემცველობა მცირდება; როდესაც მტევნები არამარტო მცხუნვარე ზაფხულის, არამედ ოქროსფერი შემოდგომის მზის სხივებითაცაა გაჯერებული. წვენში დაგროვილი ნახევარი წლის მზის ენერგია განსაკუთრებულ თვისებებს ანიჭებს ღვინოს.

 

ჩვენ ჩამოსხმული და შენახული გვაქვს 2016, 2017, 2018 და 2019 ვინტაჟის „ოჯალეში“. ეს ძალიან უჩვეულო, მაღალექსტრაქტული, განუმეორებელი ჯიშური არომატისა და მდიდარი გემოს მქონე წითელი, მშრალი ღვინოებია, რომლებიც ჰარმონიულობით, ელეგანტურობით და გრძელი დაბოლოებით გამოირჩევა.

გინდათ რჩევა? პატივი ეცით ოჯალეშის არომატს და ფუჟერში დარჩენილი წვეთები ღამით დატოვეთ გაურეცხავად! დილით ოთახი გაჟღენთილი იქნება ყურძნის ჰაეროვანი სურნელით!

მომავალ შეხვედრამდე ოჯალეშის  ჭიქებით ხელში!    

კლიმენტი კეკუტია,

ღვინის მწარმოებელი;

კომპანია ODJALECHE,

საქართველო, მარტვილის მუნიციპალიტეტი,

სოფელი სალხინო.  

06.10.2020

DSC_0148_edited.jpg
bottom of page